საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და English book Georgia-ს ორგანიზებით მიმდინარეობს და მასში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები მონაწილეობენ. ტრენინგს ოქსფორდის მასწავლებელთა აკადემიის ინგლისური ენის სწავლების კურსის ხელმძღვანელი ტერეზა დოგუელი ახორციელებს.
ტრენინგის მიზანია ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და სასწავლო პროცესში უცხო ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა. ტრენინგის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გრამატიკის სწავლების მეთოდების გაცნობას და მოსწავლეებში კითხვის უნარების განვითარებას. გადამზადებულ მასწავლებლებს გადაეცემათ ოქსფორდის აკადემიის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები და მეთოდური მასალები. ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.
მსგავსი ტრენინგები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მიმდინარე წელს 600-მდე მასწავლებლის გადამზადებას გეგმავს.