მორიგი სასკოლო სასადილო გაიხსნა
08.12.2010
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ,   თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში მორიგი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასადილო გახსნა.

157-ე სკოლა ვარკეთილის დასახლებაში მდებარეობს და აქ 1400-მდე მოსწავლე სწავლობს, სკოლას წლების განმავლობაში არ ჰქონდა გამართული სასკოლო კვების ობიექტი. სკოლის ახალი დირექტორის ინიციატივით, სასკოლო სასადილოს კეთილმოწყობა, თანამედროვე აპარატურით აღჭურვა და ახალი საკვებით მომარაგება ინდმეწარმე სოსო თურმანიძემ განახორციელა.

ახალი სასწავლო წლიდან მინისტრის განკარგულებით, ფი­­ზიკურ პირებს ან კერძო სამართლის იურიდიულ პი­რე­ბს 5 წლის ვადით შესაძლებლობა აქვთ იჯარის ფორმით აიღონ სასადილოების მოსაწყობად ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ფართობები, სადაც უნდა განახორციელონ: ფართობის რემონტი; ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის განმხოლოება (მრი­ცხველის დამონტაჟებით); სანიტარიული ნორმების დაცვა; ფართობის შესაბამისი ინვენტარით მოწყობა, მენიუ, ჯანსაღი დაბალანსებული კვების რაციონით, საკვების ფასი არ უნდა აღემატებოდეს საცალო ქსელ­ში არსებულ ფასს; სასადილო უნდა აღიჭურვოს მინიმუმ ორი საბანკო ტერ­მინალით (POSS წამკითხველით); ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სა­ხე­­ლობითი პლასტიკური ბარათებით; მოსწავლის პლასტიკურ ბარათზე თანხის შევსება მშობლის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს ინტერნეტით, მობი­ლური ტელეფონისა და სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით.

სასკოლო სასადილოების კეთილმოწყობა, რომელიც უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება, გასულ სასწავლო წელს რამდენიმე საპილოტე სკოლაში დაიწყო და ახალი სასწავლო წლიდანაც წარმატებით მიმდინარეობს.  სკოლებში ნაღდი ფულის ბრუნვის აკრძალვა და ბარათების შემოღება უსაფრთხო სკოლის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მიზნად ისახავს უსაფრთხო  და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის დანერგვასა და განვითარებას.