განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ იმერეთის
რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულ ლაშა მაქაცარიასთან ერთად წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ახლადგარემონტებული №1 საჯარო სკოლა გახსნა.
მაღლაკის №1 საჯარო სკოლა ექსპლუატაციაში 1934 წელს შევიდა. 75 წლის განმავლობაში შენობა კაპიტალურად არ გარემონტებულა. 2009 წლის იანვარში ძლიერმა ქარიშხალმა სკოლას მთლიანად გადახადა სახურავი და მოხსნა კედლის პარაპეტი. შექმნილი ავარიული სიტუაციის გამო სკოლაში სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ამდენად, აუცილებლობას წარმოადგენდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.
ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად, სოფელ მაღლაკის №1 საჯარო სკოლაში, სადაც 200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი და კომპიუტერული ოთახი, მთლიანად გამოიცვლა სკოლის სახურავი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი 40 000 ლარით დამონტაჟდა გათბობის სისტემა. სკოლის მთლიანი რეაბილიტაცია 300 000 ლარი დაჯდა და რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.