საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 2010 წლის შედეგები მასმედიის წარმომადგენლებთან
გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში შეაჯამა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა 2010 წლის განმავლობაში
განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე, კერძოდ საატესტატო გამოცდების შემოღებაზე,
საქართველოში ათასი ინგლისურენოვანი პედაგოგის ჩამოყვანასა და მანდატურების ინსტიტუტის დანერგვაზე. მინისტრის
განცხადებით, მთავრობამ საზოგადოებისთვის
2010 წლის დასაწყისში მიცემული ყველა პირობა შეასრულა - სკოლებში დამკვიდრდა
დისციპლინა, გაიზარდა მოსწავლეთა დასწრება და გაუმჯობესდა სწავლების ხარისხი, თუმცა
განათლების სისტემის წინაშე გამოწვევბი კვლავ არსებობს, 2011 წლის განმავლობაში სამინისტრო
ამ პრობლემების გადასაჭრელად იმუშავებს.
განათლების სისტემაში
ჩატარებული რეფორმები საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს, რასაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით
ჩატარებული კვლევების შედეგებიც ცხადყოფს. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა
65%-ის აზრით ბოლო ერთი წლის განმავლობაში განათლების სისტემაში მდგომარეობა საგრძნობლად
გაუმჯობესდა, 83% ეთანხმება მანდატურის ინსტიტუტის დანერგვას, 64% ემხრობა საქართველოში
ინგლისურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანას. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, კვლევის
შედეგებით საზოგადოებამ ნდობის მანდატი მიანიჭა მთავრობის მიერ განათლების სისტემაში
აღებულ რეფორმების კურსს.