მუხიანის დასახლების მოზარდებს ახალი საცურაო აუზი მოემსახურება
14.12.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში საცურაო აუზი გახსნა, რომლის რეაბილიტაციაც კომპანია ”როიალ 2009”-ამ განახორციელა. აუზი  დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მოსწავლეებს გარკვეული შეღავათებით  მოემსახურება. შეღავათებით ისარგებლებენ 175-ე სკოლის მასწავლებლებიც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სკოლის 300-მდე მოსწავლეს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, უფასოდ ჩაუტარდებათ  ცურვისა და წყალბურთის გაკვეთილები. ღონისძიების ფარგლებში, წახალისების მიზნით, უფასო აბონიმენტები გადაეცათ ამავე სკოლის რამდენიმე  წარჩინებულ მოსწავლეს.

175-ე საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონ თინათინ ალავიძის განცხადებით, სკოლაში დიდი დაინტერესება გამოიწვია პრეზიდენტის ინიცირებულმა პროექტმა ფიზკულტურის სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლების თაობაზე.  ამ სკოლის მოზარდები ფეხბურთით, კალათბურთითა და ფრენბურთით არიან დაინტერესებულნი და ახალი სასწავლო წლიდან ცურვასა და წყალბურთან ერთად, სპორტის ამ სახეობებშიც უტარდებათ გაკვეთილები, ტარდება სასკოლო ტურნირები.


თბილისის №175-ე  საჯარო სკოლაში 2 000-მდე  მოსწავლე სწავლობს და 135 პედაგოგი მოღვაწეობს.  კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მონაწილეობენ სასკოლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებში. მიმდინარე წელს სკოლას 12 ოქროსა და 6 ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს.