ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების მეოთხე ეტაპი
16.12.2010
თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ”ნეტბუქები პირველკასელებისთვის” პროგრამის ფარგლებში,  1 ექსპერიმენტალური,  №53-ე,  წეროვანისა და სოფელ დიღმის საპილოტე საჯარო სკოლების 21 პირველი კლასის დამრიგებელი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტრენინგებს გადიან. ტრენინგის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი აკვირდებოდა. 

ტრენინგზე პედაგოგები ეცნობიან ინტერნეტის გამოყენებას პროფესიული მიზნებისთვის; ტექნოლოგიების გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისთვის; პირადი ვებბლოგის შექმნასა და მის წარმოებას; სასწავლო პროექტის ორგანიზებას ისტ-ის გამოყენებით; პროგრამა “e-Learning”-ში მუშაობას და მის გამოყენებას სასწავლო პროცესში; ელექტრონული რესურსების  ეფექტურად გამოყენებას.

მიმდინარე ტრენინგი საპილოტე სკოლების პირველი კლასის მასწავლებელთა გადამზადების მეოთხე ეტაპია. წინა ეტაპების განმავლობაში პედაგოგები გაეცნენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, ადმინისტრირების პროცედურებს, სამოდელო გაკვეთილისა და დამხმარე მასალების მომზადების მეთოდებს.

ტრენინგები, თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც განხორციელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, წეროვანის და მესტიის საპილოტე სკოლების 114 კლასის დამრიგებელი.