კონკურსში ,,The Best Linguist” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
21.12.2010

ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში  კონკურსის "The Best Linguist” მესამე დასკვნითი  ტური ჩატარდა, რომელშიც    ზესტაფონის, სამტრედიის, ზუგდიდის, ქობულეთისა და ქუთაისის სკოლებიდან 18 კონკურსანტი მონაწილეობდა. კონკურსის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ და დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განათლების ექსპერტი ბენ პილიგრინი, და ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე.  ამავე სკოლაში ირინე ქურდაძემ ქუთაისის სკოლების 300-მდე პედაგოგთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს 2010 წელს განხორციელებული რეფორმის ანგარიში წარუდგინა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

სამინისტროს მხარდაჭერით, მეორე წელია ქუთაისის №17 საჯარო სკოლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტთან ერთად,  ინოვაციურ on-line  კონკურსს  „The best linguist“ ატარებს.  კონკურსის პარტნიორია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ადგილობრივი თვითმმრთველობა და პროკრედიტ ბანკი.

კონკურსის ყველა მონაწილესთან გასაუბრება  live რეჟიმში Skype-ის საშუალებით განხორციელდა. კონკურსის ამ ეტაპს ამიტომაც ეწოდა “skype ტური“. აღნიშნულმა აქტივობამ რეგიონების მოსწავლეებს გაუმარტივა კონკურსში მონაწილეობა. დასკვნით „Blog“ ტურში კონკურსანტებს ევალებოდათ მითითებული თემებიდან აერჩიათ ერთ-ერთი  და შეექმნათ ბლოგი, რომლის ლინკსაც გააგზავნიდნენ moazrovne@17school.ge მისამართზე.  ფინალისტებმა საინტერესო ვარიანტები წარმოადგინეს, ძალზე რთული აღმოჩნდა მათ შორის საუკეთესოთა გამოვლენა.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ახალი კალათბურთისა და საჭიდაო დარბაზები, რომელთა რეაბილიტაციაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2010 წელს განხორციელდა.