საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში ახლადაშენებული სკოლა გახსნეს.
სკოლის ძველი შენობა მეოცე საუკუნის 60-იან წლებში აშენდა. სკოლის ავარიული მდგომარეობის გამო 2008 წლის დეკემბერში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო ახალი სკოლის მშენებლობა და 2010 წლის ზაფხულში დასრულდა.
სკოლა შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ღია მოედანი, კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო საგნების კაბინეტი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კაბინეტი, ინგლისურის კაბინეტი. სკოლაში 268 მოსწავლე სწავლობს.
ახალი სკოლის აშენებით სოფელ ჯუგაანის მოსწავლეებს საშუალება აქვთ ადგილზე მიიღონ სრულფასოვანი განათლება.
სკოლის საქმიანობა საკმაოდ წარმატებულია, სკოლა მონაწილეობას იღებს სასწავლო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში. გასულ წელს მეთორმეტე კლასელმა მარიამ ქავთარაძემ გაიმარჯვა თვითშემოქმედებით კონფერენციაში ინგლისურში. 7 პედაგოგი გავიდა სასერტიფიკაციო გამოცდაზე. სკოლაში არის ერთი ინგლისურენოვანი მასწავლებელი.
საქართველოს პრეზიდენტმა ჯუგაანის სკოლის წარჩინებული მოსწავლეები სალომე კიკილაშვილი, მაკა პოპიაშვილი და მარიამ ზედელაშვილი პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვა.