მინისტრმა მოსწავლეებს ახალი სემესტრის დაწყება მიულოცა
24.01.2011

ახალი სემესტრის დაწყება მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 55-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა. მინისტრი კომპანია ,,გოგლი-მოგლის’’ მიერ ორგანიზებულ აქციას დაესწრო.

აქციის ფარგლებში დავით გომართელი, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე  და ილუზიონისტები   55-ე, 161-ე, 53-ე, 24 -ე და 43-ე სკოლებს ესტუმრნენ.  მსახიობებმა  მოსწავლეებისათვის სპეციალური შოუ დადგეს, ბავშვებს საგანგებოდ მომზადებული ტკბილეული დაურიგდათ.  

უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის ფარგლებში კომპანია ,,გოგლი-მოგლმა’’ 2010 წელს თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის სასადილო კეთილმოაწყო და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში თბილისის სკოლების 1/3-ში  სასადილოები უკვე გახსნილია და ეს პროცესი გაგრძელდება. სასადილოებში კი, სადაც მოსწავლეები საკვებს საკრედიტო ბარათებით ყიდულობენ, პროდუქტის ხარისხი მუდმივად კონტროლდება.

მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით სკოლებში აიკრძალა ნაღდი ფულის ბრუნვა, ანგარიშსწორება ელექტრონული ბარათებით მიმდინარეობს.

სკოლებში ნაღდი ფულის ბრუნვის აკრძალვა და ბარათების შემოღება უსაფრთხო სკოლის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მიზნად ისახავს, უსაფრთხო  და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის დანერგვასა და განვითარებას.