სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესი მკაცრდება
28.01.2010
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი სტანდარტების შემუშავებასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ექსპერტებსა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეების მოთხოვნებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბათუმში გაჟღერებული ინიციატივების საფუძველზე განათლების სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების ტექნიკურ და შინაარსობრივ ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. აღნიშნულ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ექსპერტები. დღევანდელ შეხვედრაზე ცალსახად აღინიშნა, რომ დასახვეწი და გასამკაცრებელია სახელმძღვანელოების გრიფირების წესი.

მინისტრის განცხადებით, 2011  სასწავლო წლისთვის შეიქმნება მეორადი სახელმძღვანელოების ბაზარი, რაც მრავალ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს სასკოლო წიგნის შეძენის პრობლემას მოუხსნის. ამასთანავე, მეორადი სახელმძღვანელოების ბაზრის არსებობა ზოგადად სახელმძღვანელოების ფასის შემცირებასაც გამოიწვევს.

ტექნიკური პარამეტრების გარდა დახვეწას საჭიროებს სახელმძღვანელოების შინაარსობრივი მხარეც. მაგალითად, მასწავლებლებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან მინისტრის არაერთი შეხვედრისას ცალსახად გამოიკვეთა საზოგადოების დაკვეთა სკოლებში ”დედა ენის” სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

როგორც დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, გრიფირების სპეციალისტები აქტიურად იმუშავებენ აღნიშნულ საკითხზე, რათა მინისტრისგან შესაბამის უწყებებს  გაეწიოს რეკომენდაცია  სკოლებში ,,დედა ენის’’ პირველწყაროს ადაპტირებული ვერსიის დაბრუნებაზე.