მინისტრმა საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა
29.01.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ყაზახეთის  ჟაუტიკოვის  2011 წლის  მე-7  საერთაშორისო  ოლიმპიადაში გამარჯვებული  5 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა.

ქალაქ ალმატიში გამართულ მე-7 საერთაშორისო ოლიმპიადაში  მათემატიკაში, ფიზიკასა  და ინფორმატიკაში თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონ ”კომაროვის” (კომაროვის სკოლას სტატუსი 2010 წელს დაუბრუნდა) გუნდი მონაწილეობდა.

საქართველოს წარმომადგენლებმა გამარჯვება ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში მოიპოვეს: ნიკა ბეგიაშვილი (მე-12 კლ.) ბრინჯაოს მედალი  ინფორმატიკაში; გრიგოლ ფერაძე (მე-12 კლ.) ბრინჯაოს მედალი ფიზიკაში; გიგა გუმბერიძე (მე-12 კლ.) ბრინჯაოს მედალი მათემატიკაში; ბაჩანა კუცია (მე-12 კლ.) ბრინჯაოს მედალი მათემატიკაში და ჯიმშერ სხირტლაძე (მე-10 კლ.) ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკაში. გუნდურ ნაწილში სკოლის გუნდმა მეოთხე ადგილი და საპატიო სიგელი დაიმსახურა (სულ 5 საპატიო სიგელი გაიცა).

ჟაუტიკოვის  2011 წლის  მე-7  საერთაშორისო  ოლიმპიადაში მონაწილეობდა 46 გუნდი და 296 ინდივიდუალური მონაწილე.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეთა ხელშეწყობას და წახალისებას მომავალშიც გააგრძელებს.