კეთილმოწყობილი სასადილო პირველ საჯარო სკოლაში სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად გაიხსნა
02.02.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და  საკრებულოს წევრი, ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი კომპანია ”გოგლი-მოგლის”  წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მორიგი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასადილო გახსნეს.       

სასკოლო სასადილოების კეთილმოწყობა, რომელიც უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება, გასულ სასწავლო წელს რამდენიმე საპილოტე სკოლაში დაიწყო და ახალი სასწავლო წლიდანაც წარმატებით მიმდინარეობს.  სასადილოების გარემონტება და თანამედროვე აპარატურით აღჭურვა კომპანია ”გოგლი-მოგლმა” განახორციელა,  კომპანია ”გოგლი-მოგლი” უკვე თბილისის რვა საჯარო სკოლაშია შესული და ზრუნავს სასადილოების ახალი და ჯანსაღი პროდუქტებით მომარაგებაზე.

თანამედროვე სასკოლო კვების ობიექტებში, პირველად საქართველოში, ანგარიშსწორება ელექტრონული ბარათებით მიმდინარეობს. ბარათები მოსწავლეებს ,,ლიბერთი ბანკმა’’ უსასყიდლოდ დაუმზადა. მშობელი მისთვის მისაღებ გარკვეულ თანხას ბავშვს ბარათზე ურიცხავს, რომელსაც იგი მხოლოდ   სასკოლო სასადილოში იყენებს.  ასეთი შესაძლებლობა ხელს უწყობს მოსწავლეებს შორის ფულთან დაკავშირებული უსიამოვნებების  შემცირებას. სკოლებში ნაღდი ფულის ბრუნვის აკრძალვა და ბარათების შემოღება უსაფრთხო სკოლის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და მიზნად ისახავს უსაფრთხო  და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის დანერგვასა და განვითარებას.