სასწავლო ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის პროცესი გრძელდება
14.02.2011
სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლებისა   და ამ საგნებით მოსწავლეთა  დაინტერესების მიზნით, თანამედროვე  სასწავლო ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის პროცესი გრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ პროგრამა ,,აინშტაინის” ფარგლებში ამჯერად, საბუნებისმეტყველო  სასწავლო ლაბორატორია  თბილისის 24-ე საჯარო სკოლას  გადასცა. 

ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და სტრატეგიული გეგმის ნაწილია. ტექნიკური დარგების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, ეტაპობრივად, ყველა საჯარო სკოლა  ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის  თანამედროვე ლაბორატორიებით აღიჭურვება. ლაბორატორიები 3 სრული კომპლექტისაგან შედგება და თითოეულში გაერთიანებულია კონკრეტული საგნის (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა) სასწავლო თემატიკის შესაბამისი  ქვეკომპლექტები.

”საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს ოცნებები აგვიხდინეს, ახალი ლაბორატორია  დაგვეხმარება საგანი გავხადოთ საინტერესო და თავლსაჩინო მოსწავლეებისათვის”- განაცხადა 24-ე სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა ხატია ნადარაიამ, რომელიც ახლახან დაბრუნდა ჟენევიდან, სადაც იგი სამინისტროს მიერ, ფიზიკის 15 პედაგოგთან ერთად, ბირთვული კვლევების ცენტრში ”ცერნში” იყო წარგზავნილი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას მოემსახურება. მომავალში თითოეულმა მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულად  მუშაობა, კვლევის  ჩატარება, მისი შედეგის აღრიცხვა და გაანალიზება, სათანადო დასკვნის გამოტანა. მიმდინარე სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელსა და მოსწავლეს საბუნებისმეტყველო საგნების  სწავლებისას და შესწავლისას საშუალება აქვთ ისარგებლონ ვირტუალური ლაბორატორიებითაც.