საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ თბილისის №1 საჯარო სკოლაში მთაწმინდა-კრწანისის რაიონის ყველა საჯარო სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართა, რომლის მიზანს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგნების შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება და აზრთა გაცვლა-გამოცვლა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე ნათია ჯოხაძემ სკოლების დირექტორებს არჩევითი საგნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, საგნების ნუსხა გააცნო და ვრცლად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც 2011-2016 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ამ მიმართულებით განხორციელდება.
”ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით არჩევით საგნებს საშუალო საფეხურის სამივე - X, XI და XII - კლასში ვთავაზობთ მოსწავლეებს. არჩევითი საგნების ნუსხა წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაფართოვდა - ამჟამად წარმოდგენილია 40-მდე საგანი, ხოლო მოსწავლეთა დაინტერესების შემთხვევაში, ის შეიძლება კიდევ გაიზარდოს," - განაცხადა ნათია ჯოხაძემ.
პირველ ეტაპზე ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი პედაგოგებისათვის ელექტრონულ რესურსებს და გზამკვლევებს მოამზადებს. არჩევითი საგნების კურსის ჩასატარებლად სკოლების პედაგოგები ასევე სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან.
სკოლების დირექტორებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს არჩევითი საგნების სწავლებასთან დაკავშირებით და იმ სიახლეებზე, რაც ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა.
შეხვედრის ბოლოს ნათია ჯოხაძემ და ცენტრის ექსპერტებმა ვრცლად უპასუხეს შეკითხვებს ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, საათობრივ ბადესთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც აქტუალურია სკოლებში.