საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული პროფესიული კოლეჯის- New College აღმასრულებელ დირექტორს ჯეფ ჰილსს და ადამსის კოლეჯის დირექტორს ნიკ ვაიტ ჰაუსს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა პროფესიული განათლების რეფორმაზე ისაუბრა.
მიღწეული შეთანხმების შედეგად, New College-ის ხელმძღვანელობა საქართველოში და დიდ ბრიტანეთში პროფესიული განათლების კუთხით ქართველ პედაგოგებს გადაამზადებს. ინგლისური ენის პედაგოგებს კი, როგორც ბრიტანეთში ასევე საქართველოში, ინგლისურ ენაში ტრენინგები ჩაუტარდებათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს პროფესიული კოლეჯების პოპულარიზაცია და გაძლიერება წარმოადგენს. ამ მხრივ გატარდა არაერთი ღონისძიება, კანონში შევიდა ცვლილება, კოლეჯების უმეტესობა რეაბილიტირებულია. საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით შეიქმნა თანამედროვე სახელმძღვანელოები, პროფესიული კოლეჯები აღიჭურვა თანამედროვე დანადგარებით. რეფორმის ფარგლებში 2011 წლისთვის დაგეგმილია პორფესიული კოლეჯების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება.
New College Nottingham-ს 150 წლის ისტორია აქვს და დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოლეჯს წარმოადგენს. 20 000-ზე მეტი სტუდენტი სხვადასხვა სპეციალობას ეუფლება. კოლეჯი სტუდენტებს უმაღლეს პროფესიულ განათლებას აძლევს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა ტურიზმი და სასტუმროს მენეჯმენტი, მოდა, ხელოვნება, დიზაინი, საოპერატორო ხელოვნება, მედია კომუნიკაციები. გარდა ამისა, ერთ-ერთი საუკეთესოა მასწავლებლების გადამზადების გამოცდილებითა და ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვით. OFSTED-მა (მაკონტროლებელმა ორგანომ) ის მთელს ბრიტანეთში საუკეთესო კოლეჯად აღიარა.
2002 წელს პრინცმა ფილიპმა New College Nottingham, როგორც საუკეთესო უმაღლესი პროფესიული განათლების ცენტრი, დედოფლის ორდენით დააჯილდოვა.