საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების გრიფის მინიჭების ახალ წესზე მუშაობა დასრულდა. ამ თემასთან დაკავშირებით მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბრიფინგი გამართა.
გრიფირების მიზანია სკოლის სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენა, რამდენად შეესაბამება ეს წიგნები ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, რამდენად გამართულია ისინი შინაარსობრივად, მეთოდურად და ტექნიკურად.
შემუშავდა 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. 2011-2012 სასწავლო წელს გეგმის დანერგვა სწავლების დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) დაიწყება. ამ ეტაპზე კონკურსი ცხადდება I-VI კლასების სახელმძღვანელოებზე. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.
სახელმძღვანელოს შეფასება განხორციელდება გრიფირების წესით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და ტექნიკური პარამეტრების მიხედვით. შემუშავდა 40 შინაარსობრივი და 10 ტექნიკური კრიტერიუმი.
კონკრეტული კლასის სახელმძღვანელოების გრიფის მოქმედების ვადა 6 წლით განისაზღვრა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იცვლება ამ კლასის/საფეხურის შესაბამისი საგნის/საგნების სასწავლო გეგმა, რაც უკვე მინიჭებული გრიფის გაუქმების საფუძველია.
დიმიტრი შაშკინის თქმით, მნიშვნელოვანია რომ ახალი სახელმძღვანელოები როგორც პოლიგრაფიული ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით დახვეწილი იქნება. ამასთან, იქნება იაფი, 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება და მთლიანად საფეხურს დაფარავს, რაც მშობელს მდგრადობის გარანტიას მისცემს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის ყველა ბავშვს სახელმწიფო სახელმძღვანელოებს უფასოდ გადასცემს.
შემუშავდა სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით, მათ შორის: სახელმძღვანელო შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და ხელს უწყობს ის მოცემული კლასის/საფეხურის საგნობრივი პროგრამის შედეგების მიღწევას; სახელმძღვანელო დაწერილია თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით; მოსწავლის წიგნი დაწერილია ასაკისთვის შესაფერისი, ადვილად გასაგები ენით; სახელმძღვანელოს შინაარსი (მაგ., ტექსტები, ილუსტრაციები, რუკები, აუდიო მასალა, აქტივობები) ითვალისწინებს მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებს.
წლევანდელი სიახლე: წარმოდგენილ სახელმძღვანელოების სერიაში ყოველი მომდევნო კლასის წიგნი უნდა ეფუძნებოდეს და ავითარებდეს წინას. ასევე განისაზღვრა ტექნიკური პარამეტრები, მათ შორის ფორმატი, ტექსტის სტრიქონის სიგრძე, შიდა მინდვრის მინიმალური ზომა, შრიფტის ზომა და სხვ.
გრიფის მინიჭების პროცედურის ახალი მიდგომებისა და პრინციპების მიხედვით არსებითად უნდა აღმოიფხვრას ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების სფეროში არსებული ხარვეზები, რის შედეგადაც სკოლები და მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ხარისხიანი სახელმძღვანელოებით.