საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემაზე გამართულ ლექცია/დისკუსიას დაესწრო. ღონისძიება ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მოსწავლეთა სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
47-ე საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებს ისტორიის ინსტიტუტის ექსპერტმა ლელა სარალიძემ სრული ინფორმაცია მიაწოდა 1921 წლის თებერვალში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით. ექსპერტის მიერ ჩატარებულმა ლექციამ მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია, ლექციის შემდეგ გამართული დისკუსიის დროს ლელა სარალიძემ მოსწავლეების შეკითხვებსაც უპასუხა.
ექსპერტთა და ისტორიკისთა მიერ ლექცია/დისკუსიების გამართვა სხვადასხვა საჯარო სკოლებში კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ეს ღონისძიება ერთ-ერთია ოკუპაციის კვირეულში დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებათა შორის.
სამინისტრო უკვე მესამე წელია თებერვლის მეორე ნახევარში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ახორციელებს. იმართება სხვადასხვა თემატური კონკურსები და გამოფენები. კვირეულის მიზანია მოსწავლეებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს 1921, 2008 წ/წ-ში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე.