“ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ლატვიელი რეჟისორის ედვინ შნორის დოკუმენტური ფილმი ”საბჭოეთის ისტორია” წარუდგინა.
”საბჭოეთის ისტორიის” შექმნის იდეის ინიციატორები ევროპარლამენტის დეპუტატები გირტს ვალდის კრიშტოვსკი და ინესა ვაიდერე არიან. ფილმში ნაჩვენებია საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის შედარება დაწყებული სიმბოლოებითა და იდეოლოგიით, ადამიანთა მასობრივი განადგურების ხერხებით დამთავრებული.
ფილმში დოკუმენტური ფოტო და კინო მასალაა გამოყენებული, ჩაწერილია ინტერვიუები თვითმხილველებთან და ისეთ ცნობილ პროფესორებთან და ისტორიკოსებთან როგორებიცაა: ნორმან დევისი და ჯორჯ ვუდსონი(კემბრიჯი), ვლადიმერ სერგეიჩუკი (კიევი), ბორის სოკოლოვი, ნატალია ლებედევა, სერგეი სლუხი (მოსკოვი), ასევე ჯგუფ ”მემორიალის” წევრი ალექსანდრე გირანოვი, წიგნის ”კომუნიზმის შავი წიგნი” ავტორი ნ. ვერტი, ევროპარლამენტის დეპუტატი ფინეთიდან არის ვატანენი, სუკ-ის გენერალი კარპოვი, რუსი დისიდენტი ვლადიმერ ბიკოვსკი და სხვა.
ფილმი ”საბჭოეთის ისტორია” ერთგვარი გაფრთხილებაცაა და გარკვეული ბრალდებაც წამყვანი სახელმწიფოებისადმი, რომელთა უმოქმედობამაც მიიყვანა სსრკ და გერმანია ამ მდგომარეობამდე. ჩვენების შემდეგ ფილმის განხილვა გაიმართა. დისკუსიაში თსუ-ს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა.