საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა გორის უნივერსიტეტის ის რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსი დაათვალიერეს, სადაც სტუდენტები პროფესიულ პროგრამებზე სწავლობენ და 15-მდე პროფესიას ეუფლებიან.
პროფესიული განათლებისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და სტრატეგიული გეგმის ნაწილია. კვალიფიციური კადრები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა პროფესიულ პროგრამებზე მზადდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და აღმავლობის მთავარი გარანტია.
გორის უნივერსიტეტის ბაზაზე რძის გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს. საწარმო 4 თვის წინ გაიხსნა და იგი ადგილობრივ ფერმერებს ემსახურება, ხოლო პროფესიული განათლების კურსების სტუდენტებისათვის პრაქტიკულ სასწავლებელს წარმოადგენს.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ სასწავლო საწარმოების არსებობა პროფესიულ კოლეჯებთან – წამატებული მოდელია, რომლის დანერგვა სხვა პროფესიულ კოლეჯებშიც არის შესაძლებელი და ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
2009-2010 სასწ. წელს, გორის უნივერსიტეტში სახელობო პროგრამები გაეროს განვითარების პროექტის ფარგლებში ევროკავშირმა დააფინანსა. სულ ამ პერიოდში 554 სტუდენტი გადამზადდა. სასწავლო პროგრამების განხორციელებაში 39 მასწავლებელი და ინსტრუქტორია ჩართული.
გორის უნივერსიტეტში 2011-12 სასწ. წლის განმავლობაში I-II-III საფეხურზე პროფესიული პროგრამები შემდეგ სპეციალობებში იგეგმება: კალატოზი, მებათქაშე, რკინა-ბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი, მეფილე-მომპირკეთებელი, ელექტრიკოსი, დურგალი, შემდუღებელი, მევენახე, მემცენარე, მეხილე, რძის გადამამუშავებელი, ყველის მწარმოებელი, ზეინკალ-სანტექნიკოსი, ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი.
სასწავლო წლის განმავლობაში იგეგმება 285 სტუდენტის მიღება, პირველ ეტაპზე ეს რაოდენობა პირველი და მეორე საფეხურისთვის იქნება 184 სტუდენტი.