სკოლის მანდატურებმა “მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში” სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებს 100 მანდატური დაეხმარა.
მანდატურების მიერ ჩაბარებული სისხლი ამავე საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებას მოხმარდება. ჩაბარებული სისხლით სარგებლობა მ. იაშვილის სახელობის კლინიკის პაციენტების გარდა, ონკოლოგიურად დაავადებულ ნებისმიერ ბავშვს შეეძლება.
მანდატურები მსგავს აქციებში მონაწილეობას მომავალშიც მიიღებენ, ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს მხარში დაუდგნენ მოზარდებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, გორისა და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.