CERN-ში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა მასწავლებელთათვის სემინარი გამართა
07.03.2011
ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN-ში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა,  ფიზიკოსმა გიორგი დვალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფიზიკის მასწავლებელთათვის სემინარი გამართა. სემინარის მიმდინარეობას მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.

გიორგი დვალმა პირველი მეცნიერული ხარისხი თბილისში მოიპოვა. ამჟამად არის ნიუ-იორკისა და მიუნხენის უნივერსიტეტების პროფესორი თეორიულ ფიზიკაში. 2001 წელს გიორგი დვალს მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის  ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო გადაეცა.

სამინისტროში ჩატარებული სემინარი ქართველ პედაგოგთა შვეიცარიაში სტაჟირების ერთგვარი გაგრძელება იყო. 2011 წლის იანვარში 14-მა ქართველმა ფიზიკის მასწავლებელმა კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალური კურსი ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის კვლევითი ორგანიზაციის CERN-ის ლაბორატორიაში გაიარეს. სწორედ აქ დაიბადა იდეა, გიორგი დვალს სემინარების ციკლი ქართველ პედაგოგთა უფრო ფართო აუდიტორიისთვის ჩაეტარებინა. პირველი ლექციის თემა კოსმოლოგია და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა იყო. პედაგოგები CERN- ში მიმდინარე კვლევებსა და ექსპერიმენტებს გაეცნენ.

სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი CERN- ში მოღვაწე სხვა ქართველი მეცნიერების მოწვევასაც გეგმავს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სემინარები მომავალშიც გაგრძელდება და მათ  სხვა დარგებში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერები ჩაატარებენ.