გამოყენებითი და ტექნოლოგიური კვლევების შემდგომი ხელშეწყობისთვის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალ კონკურსს აცხადებს. გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია საერთაშორისო ან ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტის შექმნა.
ახალი კონკურსის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
გამოყენებითი კვლევები საქართველოში გასულ წლებში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში ფინანსდებოდა, თუმცა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რუსთაველის ფონდმა კონკურსს ახალი, დამოუკიდებელი სახე მისცა.
საკონკურსო პირობების მიხედვით, პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, ხოლო ფონდიდან წლიურად მოთხოვნილი თანხა 100 000 ლარს.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით, გამოყენებით კვლევებს შედეგად უნდა მოჰყვეს ახალი, გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციის, სამრეწველო ნიმუშის შექმნა ან ახალი ტექნოლოგიის შემუშავება- სრულყოფა.
ახალი კონკურსის პირობების გაცნობის მიზნით, ფონდის წარმომადგენლები უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში კონსულტაციებს გამართავენ.