საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ამჯერად, ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი (IT) მოინახულა. IT ცენტრი ერთადერთია საქართველოში, სადაც მხოლოდ ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სახელობო პროგრამები სამი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება: ვებ-მედია ტექნოლოგიები; კომპიუტერული ქსელები და სისტემები; ელექტრული და სატელეკომუნიკაციო ქსელები.
სახელობო პროგრამების გარდა, სასწავლებელში მოკლევადიანი პროგრამებიც მოქმედებს. სწავლის ხანგრძლივობა 2 თვიდან 2 წლამდეა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ცენტრის კურსდამთავრებულთა და გადამზადებულ მსმენელთა რაოდენობამ 3 000 გადააჭარბა, დასაქმების მაჩვენებელი სხადასხვა პროგრამების მიხედვით 52%-75% მერყეობს.
სამინისტრომ სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. ცენტრში არსებობს 10 კომპიუტერული კლასი და 7 სპეციალიზირებული ლაბორატორია. სასწავლებელს აქვს ელექტრონული ბიბლიოთეკა.
ცენტრში დანერგილია და ფუნქციონირებს დისტანციური სწავლების სისტემა MOODLE, რომელიც მოიცავს როგორც ტესტებს, ასევე სასწავლო მასალებს. სისტემაში დარეგისტრირება და სისტემით სარგებლობა შეუძლიათ არა მხოლოდ ცენტრის სტუდენტებს, არამედ ნებისმიერ მსურველს.
ცენტრში ფუნქციონირებს საერთაშორისო სერთიფიცირებისა და სწავლების ცენტრები CISCO-სა და Microsoft-ის ბაზაზე. 2011 წლისთვის იგეგმება ტექნიკის განახლება და კიდევ ერთი CISCO ლაბორატორიის მოწყობა.
IT ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან: Magticom, Alta, Orient Logic, United Telecom, InfogeorgiaXXI, UGT, UNIT, Prime Systems, Bakur Sulakauri Studio, I Stereo, Pixel, GSC, Satellite Geocom, IT Service, Siesta და სხვა, სადაც სტუდენტები გადიან საწარმოო პრაქტიკას და შემდგომ საქმდებიან.
ცენტრმა კოორდინირება გაუწია საქართველოში ყველა პროფესიული ცენტრის პირველი ერთიანი საინფორმაციო სივრცის – ვებ პორტალის შექმნის და დანერგვის პროცესს. 2010 წელს პირველად საქართველოში დაინერგა სწავლის მსურველთა რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა.
სტუდენტები იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებსა და ოლიმპიადებში. სასწავლებელმა 2009 წელს ჩატარებულ NetRiders ოლიმპიადაში გაიმარჯვა. ცენტრში პერიოდულად ტარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები სხვა ცენტრების პედაგოგებისთვის, ხდება მათთვის სასწავლო მასალის მომზადება. აპრილის დასაწყისში პარტნიორთა დახმარებით იგეგმება კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი.