პროფესიული კოლეჯებისათვის თანამედროვე სასწავლო მასალები მომზადდა
29.03.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორის მოადგილემ იაკიმ პარკერმა პროფესიული კოლეჯების პედაგოგებს თანამედროვე სასწავლო მასალები წარუდგინეს.

პროფესიული კოლეჯებისათვის განკუთვნილი სასწავლო მასალები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭირდო თანამშრომლობით,  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროფესიული განათლების პროექტის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა, იგი  შემდეგ მასალას მოიცავს:

  • მძიმე ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი, ექსკავატორი) მართვის სასწავლო სახელმძღვანელო;
  • კალატოზის სასწავლო სახელმძღვანელო;
  • სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების სასწავლო ვიდეოფილმი;
  • დასაქმების უნარ-ჩვევების სასწავლო ვიდეოფილმი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის პროფესიული განათლების სექტორში მოთხოვნადი პროფესიების სწავლებისთვის შესაბამისი სასწავლო მასალის შექმნა  ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ეფექტური სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება და დანერგვა სწავლების ხარისხის ამაღლებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენას ემსახურება.

USAID-ის პროფესიული განათლების პროექტი საქართველოში სამწლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების კოლეჯებში ტურიზმისა და მშენებლობის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებასa და  მათ დასაქმებას, ასევე კოლეჯების მუშაობის ეფექტურობის გაზრდას კერძო და საჯარო სექტორთან ურთიერთთანამშრომლობის გზით.

თავის საქმიანობაში პროექტის პრიორიტეტებს  კოლეჯებისთვის თანამედროვე აღჭურვილობის და მასალების მიწოდება, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, თანამედროვე და პრაქტიკული სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება და გამოცემა, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, კოლეჯებში დასაქმების სამსახურების ჩამოყალიბება, კერძო სექტორთან ეფექტური თანამშრომლობის სისტემის შექმნა და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენს.