სკოლებში იტალიური ენის სწავლება გაძლიერდება
08.04.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული  სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ვიტორიო სანდალიმ თანამშრომლობის შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.

მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს საქართველოსა და იტალიას შორის არსებული კულტურული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას; თანამშრომლობას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში იტალიური ენისა და ლიტერატურის სწავლების გაძლიერების მიზნით; იტალიური ენის დანერგვის ხელშემწყობი ღონისძიებების მხარდაჭერას; განათლების სფეროს ექსპერტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას; მეთოდური ლიტერატურისა და სასწავლო მასალების ორმხრივად გაცვლას, სწავლების  გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას.

მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში იტალიური ენის,  როგორც ერთ-ერთი უცხოური ენის, სწავლება დაინერგება.

იტალიური ენის საგანმანათლებლო პროგრამების შესაქმნელად  ერთობლივი ჯგუფი იმუშავებს, რომლის შემადგენლობაშიც  როგორც ქართველი, ასევე იტალიის საელჩოს მიერ შერჩეული ექსპერტები შევლენ.