ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდა სერტიფიცირებულ პედაგოგებისთვის
10.04.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი  ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის მიმდინარეობას გაეცნენ.  ინგლისური ენისა და კომპიუტერის გამოცდაში მხოლოდ სერტიფიცირებული  მასწავლებლები მონაწილეობენ. 

საგამოცდო ტესტის დავალებები ისეა აგებული, რომ ერთდროულად მოწმდება როგორც ინგლისურის, ისე კომპიუტერის ცოდნა. კანდიდატი გამოცდას კომპიუტერის საშუალებით ჩააბარებს.

აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენისა და კომპიუტერის გამოცდაში მონაწილე  კანდიდატს მოეთხოვება, ინგლისურ ენაზე კითხვის უნარს საშუალოზე დაბალ დონეზე (pre-intermediate level) ფლობდეს. ინგლისური ენის ცოდნის ეს დონე შეესაბამება ევროსაბჭოს მიერ დადგენილი უცხოური ენების ცოდნის A2 + დონეს და კემბრიჯის უნივერსიტეტის KET (Key English Test) გამოცდის დონეს.

ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა წელს პირველად ტარდება და მისი ჩაბარების სურვილი 717 -მა სერტიფიცირებულმა პედაგოგმა გამოთქვა.