საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფრეთელაძემ საზოგადოებრივ დარბაზს, რომლის შემადგენლობაშიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, პოლიტიკოსები და განათლების სფეროთი დაინტერესებული საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შედიან, განსახილველად ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტი წარუდგინა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პირველად საქართველოში ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტი შემუშავდა. ქართული ენის ფლობის სტანდარტი განკუთვნილია მასწავლებლების, შემფასებლების, მეთოდისტების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემდგენლებისათვის, სასწავლო ლიტერატურის გამომცემლებისა თუ რედაქტორებისათვის, ასევე თვით შემსწავლელებისა და იმ პირთათვის, ვისაც საქმე აქვს ქართულის, როგორც მეორე ან უცხო ენის სწავლა/სწავლებასთან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტი განსახილველად პირველად სპეციალურ კომისიას წარედგინა. პირველ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო. დოკუმენტი ამჯერად, საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა შეაფასეს. მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები გათვალისწინებული იქნება სტანდარტის საბოლოო ვარიანტში.
კოკა სეფერთელაძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრები საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან ძალზე მნიშვნელოვანია. სამინისტრო ასეთ თანამშრომლობას მომავალშიც ინტენსიურად განახორციელებს.