საატესტატო გამოცდების გენერალური რეპეტიციის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში აკვირდებოდა. საცდელი საატესტატო გამოცდა ამჯერად, ისტორიასა და გეოგრაფიაში ტარდება.
სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი მეორე დღეა, გამოსაშვები გამოცდების სრული ფორმატით მოდელირების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით საცდელ ტესტირებას 326 სკოლაში ატარებს. მეთორმეტეკლასელები 12–დან 15 აპრილის ჩათვლით 8 საგანში გადიან.
გამოსაშვები გამოცდების რეპეტიციაზე გარდა ტესტებისა აპრობაციას ის ტექნიკური საშუალებები და ინფრასტრუქტურაც გადის, რომელთა გამართულობაზეც მაისის ბოლოს საატესატო გამოცდების წარმატებით ჩატარებაა დამოკიდებული.
პროცესი სერიოზული ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, საცდელ ტესტირებაში ჩართული ყველა მეთორმეტეკლასელი თანაბარ პირობებში მუშაობს და აქვს ცოდნის გამოვლენის მაქსიმალურად კომფორტული გარემო.