ახალციხელი ბავშვები სტუმრად თბილისში
15.04.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული  სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა  ახალციხის №7 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს ლამაზი დღე აჩუქა. ცენტრის ინიციატივით,  სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები და მათი პედაგოგები თბილისში ერთი დღით ჩამოვიდნენ.

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის  ინიციატივას გამოეხმაურნენ და საქველმოქმედო აქციაში აქტიურად ჩაერთნენ კინოთეატრი  ”რუსთაველი”, კომპანია ”M-ჯგუფი”,  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

ახალციხელ ბავშვებს კინოთეატრმა ”რუსთაველმა” უმასპინძლა. პატარები ანიმაციური ფილმის ”რიოს” სეანსს დაესწრნენ.

კინოსეანსის შემდეგ სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები კომპანია ”M-ჯგუფმა” მიიწვია სადილზე რესტორან ”Two Side”-ში და საფირმო კერძებით გაუმასპინძლდა.

დედაქალაქში ჩამოსულ მოსწავლეებს ეროვნული  სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ და ცენტრის წარმომადგენლებმა ახალციხის №7 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერებინეს.

ახალციხის №7 სკოლა-პანსიონი ერთ-ერთია იმ სამი სკოლიდან, რომელზეც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს კურატორობა აქვს აღებული. ახალციხის №7 სკოლა-პანსიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 36 მოსწავლე სწავლობს, ყველა მათგანს საერთო სამედიცინო დიაგნოზი აქვს - გონებრივი ჩამორჩენა, ათ მათგანს კი ფიზიკური პრობლემებიც აღენიშნება. სკოლა-პანსიონში მცხოვრები ორი მოსწავლე  ჩართულია ინკლუზიური განათლების პროექტში და ახალციხის №5 საჯარო სკოლაში სწავლობს.