საქართველოს პრეზიდენტმა ბორჯომის №3 საჯარო სკოლა გახსნა
02.02.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ბორჯომში 720 მოსწავლეზე გათვალისწინებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი №3 საჯარო სკოლა გახსნა. პრეზიდენტი ბავშვების მიერ შექმნილ ნახატებსა და თხზულებებს გაეცნო. მოსწავლეებმა ნამუშევრები ”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესიის” თემატიკას მიუძღვნეს. აღნიშნულ თემაზე კონკურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში 30 იანვარს გამოაცხადა.

ბორჯომის №3 საჯარო სკოლა 2005 წელს დაინგრა. მისი მშენებლობა 2008 წლის მაისში დაიწყო, მაგრამ ეს პროცესი აგვისტოს ომის გამო შეფერხდა.  სკოლის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და აღდგენით სამუშაოებზე სამ მილიონნხევარი ლარი დაიხარჯა. ამ დროისათვის, სკოლა ყველა საჭირო ინვენტარით, მათ შორის 22 კომპიუტერითაა აღჭურვილი. ფუნქციონერებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ასევე ბიბლიოთეკა და კლასები დამოუკიდებელი მუშაობისთვის.

სამსართულიან სკოლაში სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის გათვალისწინებულია ორი ლიფტი, ხოლო  შენობაში მათი შესვლისათვის სპეციალური პანდუსი. კეთილმოწყობილია სკოლის ეზო და სკოლასთან მისასვლელი საავტომობილო  გზა. ფასადები მოპირკეთებულია კერამიკული ფილებითა და მეტალის ელემენტებით. ფუნქციონირებს წყალმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და კანალიზაციის ქსელები. დამონტაჟებულია ავტონომიური გათბობისა და ვენტილაციის სისტემები.