Smart Board-ის გამოყენებით სამოდელო გაკვეთილების ჩატარება გრძელდება. მათემატიკის გაკვეთილი ამჯერად, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ. ინტერაქტიული დაფის მეშვეობით გაკვეთილის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი შუშანია დაესწრნენ.
,,Smart Board“-ი მოზრდილი სენსორული დაფაა, რომელიც კომპიუტერის სამუშაო მაგიდის გადიდებულ ვერსიას გვიჩვენებს. მასზე ყველა მოქმედება ელექტრონულად ხორციელდება და გამოიყენება ნებისმიერი საგნის სწავლების პროცესში. ინტერაქტიური დაფა სამართავად მარტივია, მასზე წერა ციფრული “მელნითაა” შესაძლებელი, იგი იძლევა ნაშრომის შენახვის საშუალებას და ყველაფერი ეს უბრალოდ თითების შეხებით ხორციელდება. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას დაფა ვირტუალური ლაბორატორიის ფუნქციას იძენს.
მასწავლებელს ელექტრონული დაფის გამოყენებით შეუძლია მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტაროს, მოსწავლეები დისტანციური მართვის პულტების დახმარებით დააფიქსირებენ პასუხების თავიანთ ვარიანტებს.
კვლევებმა აჩვენეს, რომ smart board-ის გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და მათ აკადემიურ მოსწრებას, ამცირებს ახალი მასალის ახსნასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ხელს უწყობს მასალის დამახსოვრებას.
სამინისტრო გამოეხმაურა პრეზიდენტის ინიციატივას- საქართველოს მასშტაბით რაც შეიძლება მეტ საჯარო სკოლაში მოხდეს ინტერაქტიული დაფების გამოყენება სასწავლო პროსესში, ამისათვის მიმდინარეობს სკოლების smart board-ებით ეტაპობრივად აღჭურვის პროცესი.
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიმდინარეობს მასწავლებელთა ტრენინგები smart board-ის გამოყენებაში. ცენტრის მიერ 500-მდე მასწავლებელი უკვე გადამზადდა. სამინისტროს ინოვაციურ ცენტრში ყოველდღიურად ტარდება სამოდელო გაკვეთილები. გაკვეთილებზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია გაეცნოს სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდებს.