შეხვედრა თავისუფალ უნივერსიტეტში
03.02.2010
”ისწავლე დღეს - ასწავლე ხვალ” ახალ პროექტთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თავისუფალ უნივერსიტეტს ეწვია. მინისტრმა უნივერსიტეტი, მათ შორის ბიბლიოთეკა და ლაბირატორიები დაათვალიერა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარესთან, კახა ბენდუქიძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით: ”თავისუფალი უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია და როგორც ყველა ასეთ უნივერსიტეტში, სწავლების საფასური აქაც მაღალია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პროექტი, რადგან ნიჭიერი ბავშვები არ დაიჩაგრებიან და მათ სწავლის შესაძლებლობა შეუფერხებლად ექნებათ”.

თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარის, კახა ბენდუქიძის განცხადებით,  საუკეთესო სტუდენტებს, მათი ფინანსური მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად უნივერსიტეტში სწავლა და საუკეთესო განათლების მიღება შეუძლიათ: ”სწორედ ამიტომ შეიქმნა პროექტი  ისწავლე დღეს – ასწავლე ხვალ. ყველას შეეძლება ბაკალავრიატი სწავლის საფასურის გადახდის გარეშე დაამთავროს, საუკეთესო განათლება მიიღოს, გახდეს წარმატებული და ბაკალავრიატის დამთავრებიდან მომდევნო ოთხი წლის მანძილზე,  ახლადმიღებული სტუდენტის სწავლა დააფინანსოს”.

თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც  2010 წელს  მიღებულ ყველა ახალ სტუდენტს   გარდამავალ დაფინანსებას სთავაზობს.