ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ვიზიტი გორის №8 საჯარო სკოლაში
06.05.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუნესკოს ინტერკულტურული დიალოგის კათედრის თანამშრომლები ქ. გორის №8 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელებს ეწვივნენ და ახალი არჩევითი საგნის - ”მსოფლიო კულტურა” - სამოდელო-შემაჯამებელ გაკვეთილს დაესწრნენ. 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სადემონსტრაციო გაკვეთილების ჩატარებას ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრსა და თსუ-ს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ითვალისწინებს.

ეროვნული  სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე მოსწავლეებს ახალი არჩევითი საგნის ”მსოფლიო კულტურის” მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.

სამოდელო გაკვეთილის თემას კულტურის უნივერსალიები და მათი გამოვლენის ფორმები წარმოადგენდა. მოსწავლეებმა სტუმრებს  თავიანთი ნამუშევრები და თემის გარშემო მოძიებული მასალა წარმოუდგინეს. გაკვეთილის მსვლელობაში მონაწილეობდნენ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტები და საპილოტე მასალის საავტორო ჯგუფის წევრები.

,,მსოფლიო კულტურა'' 2010-2011 სასწავლო წელს გადის პილოტირებას  12 საჯარო და 2 კერძო სკოლაში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. საგანი მომავალი 2011-2012 სასწავლო წლიდან არჩევითი კურსის სახით დაინერგება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საშუალო საფეხურზე - X,  XI,  XII კლასებში.