ბიოლოგიის სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებზე სემინარი გაიმართა
19.05.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბიოლოგიის მასწავლებლებისათვის გამართულ სემინარს დაესწრო. სემინარის თემა ბიოლოგიის სწავლების ინტერაქტიული მეთოდები იყო და მის მუშაობაში თბილისის სხვადასხვა რაიონის 60 პედაგოგი მონაწილეობდა.

მასწავლებლების გადამზადება ბიოლოგიის სასწავლო ლაბორატორიის მეშვეობით განხორციელდა.  სემინარზე საუბარი იყო სწავლების პროცესში ინტერაქტიული  მეთოდების გამოყენებასა და გამოცდილების გაზიარებაზე. გარდა ამისა ტრენერი იმ  პარალელებსაც შეეხო, რომელიც სხვა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებთან არსებობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგებს ბიოლოგიის გარდა სპეციალური ლაბორატორიების მეშვეობით ფიზიკასა და ქიმიაშიც გადაამზადებს. თბილისისა და რეგიონების მასშტაბით 300-მდე პედაგოგი უკვე დატრენინგებულია. ”აინშტაინის ლაბორატორიები”  საქართველოს ყველა სკოლას გადაეცემა. ამ ეტაპზე ლაბორატორიები თბილისისა და რეგიონების სკოლების ნაწილში უკვე დარიგებულია.