საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა გამოფენა გახსნეს, რომელზედაც ის საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები იყო წარმოდგენილი, რომელსაც გერმანული მხარე საქართველოში ახორციელებს.
მინისტრი გერმანიის ელჩთან ერთად გამოფენას გაეცნო და მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. გამოფენაში მონაწილეობდნენ: საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZfA); Deutsche Sparkassenstiftung (გერმანიის შემნახველი ბანკების ფონდი); საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ენის განყოფილება (GI); გერმანიის სახალხო უმაღლესი სკოლების ასოციაცია (DVV); თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა; გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახური (DAAD); საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU); ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის ფონდი (AvH).
საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, შემოთავაზებული იყო ინფორმაცია გერმანიაში სწავლის/კვლევების შესაძლებლობების, DAAD-ს სტიპენდიების, საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყების (ZfA) ისტორიისა და ამჟამინდელი საქმიანობის, გერმანული ენის დიპლომისა (DSD) და საქართველოში არსებული DSD- სკოლების შესახებ.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც გერმანიის უმაღლესი სკოლების კავშირისა (dvv) და საქართველოს სხვადსხვა რეგიონში გამართული კურსების მონაწილეების მიერ შეიქმნა.