საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა საატესტატო გამოცდების პირველი დღის შედეგებზე ბრიფინგი გამართეს.
მეთორმეტეკლასელთა გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში საქართველოს მასშტაბით 1520 სკოლაში არსებულ ყველა საგამოცდო ცენტრში ჩატარდა. პროცესი ყველგან სტაბილურად, შეფერხებებისა და ექსცესების გარეშე წარიმართა. სამინისტროს მონაცემთა დამუშავების ცენტრიდან, ცენტრალური სერვერისა და აუდიო გამოსახულების საშუალებით გამოცდის მიმდინარეობა მუდმივად კონტროლდებოდა, რაც ყოველგვარი შესაძლო ტექნიკური ხარვეზის დროულად აღმოფხვრის საშუალებას იძლეოდა.
უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ცენტრალურ სერვერში მიმდინარე გამოცდების შესახებ თავმოყრილი ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ გამოცდის პირველი დღე წარმატებული იყო. რაც შეეხება მოსწავლეთა დამოკიდებულებას დავალებებისა და საგამოცდო პროცესის მიმართ, მათ მიერ გაკეთებული შეფასებებით - ტესტური დავალებები საკმაოდ მარტივი და მათთვის ადვილად დასაძლევი იყო, ხოლო შექმნილი გარემო მოსწავლეებს ხელს უწყობდა ცოდნის მაქსიმუმი გამოევლინათ.
მინისტრის განცხადებით, მოსწავლეთა 20%-ზე მეტმა საგნის ცოდნის მაღალი დონე აჩვენა და შესაბამისად, მაღალი შეფასება დაიმსახურა. ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ თუ მოსწავლე რაიმე ობიექტური მიზეზით ვერ გამოცხადდა გამოცდაზე, მას საშუალება ექნება 2 - 3 ივნისს გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩააბაროს კონკრეტული გამოტოვებული საგნის გამოცდა. გამოცდის ჩაბარების საშუალება ექნებათ 4-11 ივნისს გამოცდების ეროვნულ ცენტრში მსჯავრდებულებს და იმ მოსწავლეებს, რომლებიც FLEX-ის პროგრამით ბოლო ერთი წელი აშშ-ში იმყოფებოდნენ.