საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში სასწავლო წლის დამამთავრებელ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. ღონისძიებაში ბრიტანული სკოლის ბაქსვუდის საგანმანათლებლო ქსელის დირექტორი ჯაილს სატონი და სხვა ბრიტანელი სტუმრებიც მონაწილეობდნენ.
ტრადიციულად, სასწავლო წლის ბოლოს, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში წლის შემაჯამებელი ღონისძიებები იმართება, მათ შორის სპორტული მარათონი, რომელიც წელს კუს ტბაზე გაიმართა და მასში V-დან XI-კლასის ჩათვლით, ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. მოწვეულ სტუმრებს მოსწავლეებმა საზეიმო წარმოდგენებიც აჩვენეს, ღონისძიების ბოლოს კი, დაჯილდოვების საზეიმო ცერემეონიალზე სხვადასხვა ნიშნით გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს აკადემიური და არააკადემიური დისციპლინების საუკეთესო ტრადიციებისა და გამოცდილების სინთეზს სთავაზობს თავის აღსაზრდელებს. გარდა იმისა, რომ სკოლა მაღალი ხარისხის ზოგად განათლებას იძლევა, აქ განსაკუთრებული ყურადღება დისციპლინირებული და კანონმორჩილი თაობის აღზრდას ეთმობა.
სკოლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს კრიტიკულად მოაზროვნე და ეთიკურად ჩამოყალიბებული თაობის აღზრდა წარმოადგენს, რომელიც თავის დროსა და ცოდნას საკუთარ პროფესიულ განვითარებას მოახმარს. სკოლის მთავარ უპირატესობას თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა წარმოადგენს. მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება, მოტივირებული, პროფესიონალი პედაგოგები, კეთილგანწყობილი ადმინისტრაცია, მუდმივად განახლებადი და განვითარებადი სასწავლო პროგრამა მაღალი შედეგების მიღების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.