საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ისტორიის პედაგოგების სემინარს დაესწრნენ.
მე-9 საჯარო სკოლაში თბილისის სხვადასხვა რაიონების ისტორიის პედაგოგებს სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით სემინარი ჩაუტარდათ. ტრენინგზე საუბარი იყო ისტორიულ წყაროებზე მუშაობასა და სწავლების მეთოდებზე ისტორიაში.
სასერტიფიკაციო საგამოცდო საკითხების მიხედვით, მასწავლებელთა გადამზადება სისტემურად მიმდინარეობს. სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს მასშტაბით 8000-მდე პედაგოგს უკვე ჩაუტარა ტრენინგი. ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა საგანში ტარდება. პედაგოგთა მოთხოვნის საფუძველზე, ცენტრი 20 ივნისიდან მასწავლებლებისთვის დამატებითი სემინარების ჩატარებას გეგმავს.
სასერტიფიკაციო გამოცდები ივლისში ჩატარდება. წელს ყველა საგნის პედაგოგი შეძლებს გამოცდაზე გასვლას. სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის დარეგისტრირებულ პედაგოგთა რაოდენობა, რომელიც 24000-ზე მეტია, მიუთითებს იმაზე, რომ დიდია მოტივაცია და მასწავლებელთა მზაობა, აიმაღლონ კვალიფიკაცია. 2014 წლამდე პედაგოგებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება ნებაყოფლობითია.