საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
35 წარმატებული სტუდენტი ესტონეთის, ჰოლანდიის, უკრაინის, გერმანიის, ჩეხეთის, აშშ-ს, იტალიის, უნგრეთის, აზერბაიჯანის, რუმინეთის, ხორვატიის, სომხეთის, ლიტვის, ბელგიის უნივერსიტეტებიდან, სტუდენტური თვითმმართველობების თბილისის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობენ. ფორუმის მთავარი მიზანი ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.
ფორუმი 1 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა და 5 დღეს გასტანს, უცხოელ სტუდენტებთან ერთად მასში ქართველი სტუდენტური კავშირების ხელმძღვანელებიც მონაწილეობენ.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინი სტუდენტებს ზოგადი და უმაღლესი განათლების განვითარების, ზოგადად, განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა და ის სამომავლო გეგმები გააცნო, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010-2015 წლების სტრატეგიის სასურველ შედეგებს უზრუნველყოფს.