მოსწავლეები ”მსოფლიო კულტურის” ლექცია/სემინარს დაესწრნენ
03.06.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები თბილისისა და საქართველოს რეგიონების ზოგად­საგან­მა­ნათ­ლებლო სკოლების IX, X, XI-კლასელ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დაესწრო.

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრის ინიციატივით, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ”მსოფლიო კულტურის” საგნობრივი პროგრამის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ვარდოსანიძემ  კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებს ლექცია/სემინარი გაუმართა თემაზე - ”ქალაქური ცხოვრების წესი”.

ვლადიმერ ვარდოსანიძის მოსწავლეებთან შეხვედრა ახალი არჩევითი საგნის - ”მსოფლიო კულტურის” პოპულარიზაციასაც ისახავდა მიზნად. ეს საგანი მომავალი 2011-2012 სასწავლო წლიდან არჩევითი კურსის სახით დაინერგება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საშუალო საფეხურზე - X,  XI,  XII კლასებში.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ინტერაქტიურ საუბრებში მოსწავლეებმა ახალი საგნის მიმართ განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატეს. მოსწავლეებიც და მათი პედაგოგებიც აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.

2010-2011 სასწავლო წლის ბოლოს სრულდება ახალი არჩევითი საგნის ”მსოფლიო კულტურა” პილოტირება თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 12 საჯარო და 2 კერძო სკოლაში.

2011 წლის ივნისში გაიმართება ”მსოფლიო კულტურის”, როგორც ახალი არჩევითი საგნის, შემაჯამებელი სემინარი.