საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი 2011 წლის 6 და 7 ივნისს მთელი საქართველოს მასშტაბით IV კლასის მოსწავლეთა ეროვნულ შეფასებებს ატარებს. შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში ტარდება.
ეროვნულ შეფასებებში საქართველოს 100-ზე მეტი საჯარო სკოლის 2 500 მოსწავლე მონაწილეობს. ეროვნული შეფასების პროცესში მოსწავლეებთან ერთად ჩართულები არიან შესაბამისი საგნების მასწავლებლები და სკოლების დირექტორები.
ეროვნული შეფასება ფართომასშტაბიანი კვლევაა, რომლის მიზანია დადგინდეს, თუ რა ცოდნასა და უნარებს ფლობენ კონკრეტული კლასების მოსწავლეები კონკრეტულ საგანში და რამდენად აღწევენ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებს. ასეთი ტიპის კვლევის საფუძველზე მზადდება რეკომენდაციები როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის, სკოლების დირექტორებისთვის, მშობლებისთვის, სახელმძღვანელოების ავტორებისთვის და განათლების ექსპერტებისთვის.