საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმ კურსდამთავრებულთა ათეულს შეხვდა, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე ყველა საგანში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მინისტრმა მათ პირველი დიდი წარმატება მიულოცა და ისინი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
დიმიტრი შაშკინმა ჩატარებული საატესტატო გამოცდები დადებითად შეაფასა და კმაყოფილება გამოთქვა იმ შედეგებით, რაც კურსდამთავრებულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა.
CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარებული საატესტატო გამოცდები საქართველოს 1520 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა. რვადღიანი საგამოცდო პროცესი სამინისტროს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების საფუძველზე, წარმატებულად და ხარვეზების გარეშე წარიმართა, მოსწავლეთა 30%-მა ცოდნის მაღალი დონე გამოავლინა და, შესაბამისად, მაღალი შეფასება დაიმსახურა, მათგან ხუთმა პროცენტმა კი საუკეთესო შედეგი აჩვენა.
გამოცდა 8 საგანში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საატესტატო გამოცდები 23 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 1 ივნისს მათემატიკის გამოცდით დასრულდა. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე აბარებდნენ.