მინისტრი ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაესწრო
10.06.2011
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის  317 წვევამდელმა საზეიმო ვითარებაში  სამხედრო და სახელმწიფი დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი დადო. საგაზაფხულო წვევამდელებს შორის იყვნენ საგურამოს, თბილისისა და ბათუმის ბავშვთა სახლებიდან შერჩეული რამდენიმე ბენეფიციარი, რომელთაც  18 წელს მიაღწიეს და  სურვილი გამოთქვეს იმსახურონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთწლიან საკონტრაქტო სამსახურში.

ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ მახარაშვილი და ზემოაღნიშნული ბავშვთა სახლების დირექტორები დაესწრნენ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 16 წელია ახორციელებს წვევამდელთა გაწვევას. წელს კი პირველად სამსახურის ისტორიაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, დაიწყო ბენეფიციართა მიღება ერთწლიან საკონტრაქტო სამსახურში.

აღნიშნული  ინიციატივა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება, ემსახურება მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას. ბენეფიციარებს, საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს საცხოვრებლით, საკვებით, ხელფასით, პერიოდული პრემიებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევითა და სეზონური უნიფორმებით.