საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე მათემატიკური კონკურსის „იმედი ხვალის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
კონკურსში მონაწილეობა თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეებმა მიიღეს და მისი მიზანი განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების ადრეულ ასაკში გამოვლენა იყო.
კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მისი ორგანიზატორები იყვნენ: საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსი და თბილისის 24-ე საჯარო სკოლა.
კონკურსი „იმედი ხვალის“ 2011 წლის 5 - 11 ივნისს ორ ტურად ჩატარდა. პირველ ტურში თბილისის სხვადასხვა სკოლებიდან 1200-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მეორე ტურში დაშვებულ იქნა 165 მონაწილე.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდა მეორე ტურის შედეგები და გამარჯვებულები დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ სასკოლო ოლიმპიადების სფეროში მოღვაწე მეცნიერები, საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკისა და მათემატიკის ნაკრებების მწვრთნელები, წლევანდელი და გასული წლების ნაკრებების წევრები და საერთაშორისო და ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებზე წარმატებული სხვა მოსწავლეები.
კონკურსი ყოველწლიურად „ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამის“ ფარგლებში ტარდება. პროექტი საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოქმედებს.