მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში პრეზენტაცია გაიმართა
18.06.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის  მიერ გაწეული საქმიანობის, სამომავლო გეგმებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაციას დაესწრო.

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები”. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ათვალიერებენ კონსტიტუციონალიზმის დარბაზს, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში კონსტიტუციონალიზმის  განვითარების ამსახველი ექსპოზიცია, ავსებენ თემატურ ტესტებს  და მონაწილეობას იღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესში.

18-19 ივნისს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი, უმასპინძლებს მოსწავლეებს ქ. თბილისის N1 და N47 საჯარო სკოლებიდან.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში კონსტიტუციონალიზმის ცენტრმა უკვე უმასპინძლა ექვსასამდე მოსწავლეს თბილისიდან, ბათუმიდან, ქობულეთიდან, ხელვაჩაურიდან, ქუთაისიდან, ხონიდან, წყალტუბოდან, სამტრედიიდან, მხოლოდ წელს ცენტრი მიიღებს სამიათასამდე მოსწავლეს საქართველოს უკლებლივ ყველა კუთხიდან.