საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის დავალებით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია იმ სკოლების ადმინისტრაციების საქმიანობის შესწავლას იწყებს, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე დაბალი აკადემიური მოსწრება აჩვენეს. ამის შესახებ განცხადება სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველი, ე.წ. CAT-ის მოდელის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა. 1520 საჯარო და კერძო სკოლაში საგამოცდო პროცესი გამართულად, ყოველგვარი ხარვეზების გარეშე წარიმართა. 50 ათასამდე მოსწავლემ საკუთარი ცოდნა რვა საგანში გამოსცადა. მათგან 30%-მა მაღალი შეფასება მიიღო, ხოლო 5%-მა საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი გაუმჯობესდა, ხოლო სწავლების დონე ამაღლდა. უპრეცედენტო საატესტატო გამოცდები დადებითად შეაფასა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ და ქართული ანალოგის საკუთარ ქვეყანაში დანერგვაზე დაიწყო მუშაობა.
მიუხედავად დიდი წარმატებისა, სამწუხაროდ, საატესტატო გამოცდების შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე ათეული სკოლა, მათ შორის 190-ე, მე-7, 37-ე და 108-ე საჯარო სკოლები, რომელებმაც დაბალი აკადემიური მოსწრება აჩვენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ სკოლებში სწავლება სათანადო დონეზე არ არის უზრუნველყოფილი.
სასწავლო პროცესის გამართულად წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის ადმინისტრაცია. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი ”პასუხისმგებლობა და სტრუქტურა” განმარტავს: ”საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესსა და ფინანსების მიზნობრივ ხარჯვაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია დაწესებულების დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი. (11.07.2009. N1385)”. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ სკოლებში კანონის ეს მუხლი დარღვეულია, ასევე დარღვეულია ყველა მოსწავლის უფლება, მიიღოს სრულყოფილი საშუალო განათლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ამ სკოლების სამეურვეო საბჭოებს ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა დაავალა. თუ რომელიმე სამეურვეო საბჭო თავს აარიდებს და დაკისრებულ დავალებას არ შეასრულებს, დადგება სამეურვეო საბჭოს პაუხისმგებლობის საკითხიც. აღნიშნულ პროცესს მეთვალყურეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია გაუწევს.