მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სწავლება დაფინანსდება
22.06.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ნადარეიშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF–ის წარმომადგენელმა რულანდ მონაშმა „ბავშვთა კეთილდღეობის 2008-2011 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმისა“ და პროფესიული გადამზადების ფარგლებში, ხელი  მემორანდუმს მოაწერეს. 

მემორანდუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ  მყოფი მოზარდებისა და მათი ოჯახის წევრების პროფესიული უნარ–ჩვევების შეძენას. პროფესიულ კოლეჯებში მათი სწავლება სრულად დაიფარება, აქედან: განათლების სამინისტროს მიერ – პრიორიტეტული პროფესიული სწავლების კურსის 80%, ხოლო 20% – UNICEF-ის მიერ. სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს პროექტის  კოორდინაციასა და ადმინისტრირებას.

პროექტში ჩართული იქნებიან ბავშვთა სახლებსა და ბავშვზე ზრუნვის სხვა ალტერნატიულ მომსახურებებში (მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა) განთავსებული ბავშვები, ასევე  ბავშვთა სახლებიდან ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვები და/ან მათი მშობლები. პირველ ეტაპზე სწავლებას 100 პირი გაივლის.