საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში აკვირდებოდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდების განრიგი ასეთია: 30 ივნისი - 1 ივლისი - ქართული ენა და ლიტერატურა; 4 და 5 ივლისი - ზოგადი უნარები; 6 ივლისი - უცხოური ენა (ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა); 7 ივლისი და 8 ივლისი - უცხოური ენა (ინგლისური ენა); 11 ივლისი - უცხოური ენა (რუსული ენა); 12 ივლისი - ისტორია; 13 ივლისი - მათემატიკა; 14 ივლისი - ლიტერატურა; 15 ივლისი - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი; 18 ივლისი - ბიოლოგია; 19 ივლისი - გეოგრაფია; 20 ივლისი - ქიმია; 21 ივლისი - ფიზიკა.
გამოცდები ორ სესიად გაიმართება. პირველი სესიისათვის რეგისტრაცია 08:00 საათზე იწყება, გამოცდა კი, 09:00 საათზე. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზეა, გამოცდა 15:00 საათზე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში არ დაიშვება.
2011 წლისათვის რეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობა 33898-ია. გამოცდების პირველადი შედეგები აგვისტოს დასაწყისიდან იქნება ცნობილი.
საქართველოს მასშტაბით 15 საგამოცდო ცენტრია, ყველა მათგანი მობილიზებულია, რათა საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე წარიმართოს.
წელს პირველად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტებით დაფინანსების აქამდე არსებული სისტემა პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების დაფინანსებით იცვლება. ძირითადი ყურადღება მიექცევა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მიმართულებების დაფინანსებას, დაფინანსების 80% მიმართული იქნება სწორედ ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე. ჰუმანიტარული დარგებზე მხოლოდ 100%-იანი გრანტის მფლობელები დაფინანსდებიან, ხოლო 100%-იანი გრანტის მიღმა დარჩენილ სტუდენტებს სახელმწიფო დააფინანსებს იმ შემთხვევაში თუ მათ მეოთხე საგნად ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები აქვთ ჩაბარებული.
სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი გარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებასაც იწყებს. 6-21 ივლისს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება, ხოლო 14- 15 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდები.