ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით მიმდინარეობს
30.06.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე ერთიან ეროვნული გამოცდების მეორე სესიის მიმდინარეობას  ქართულ ენასა და ლიტერატურაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკვირდებოდა. პროცესი შეფერხებებისა და ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. სტუდენტებს არ ექმნებათ არანაირი ბარიერი, რათა მაქსიმალურად გამოავლინონ ცოდნა და წარმატებით გაიარონ საგამოცდო პროცესი. 

მშვიდად მიმდინარეობს გამოცდები ბათუმის საგამოცდო ცენტრში, სადაც პროცესს მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე აკვირდება. ქუთაისში იმყოფება მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი ქალაქ რუსთავის მერთან, ზაქარია დარჩიაშვილთან ერთად. თელავის საგამოცდო ცენტრში გამოცდების მიმდინარეობას სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი გაეცნო.