საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლას ეწვია, სადაც ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე ისვენებს. დასვენების პარალელურად, მოზარდები ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებენ, ჩართულნი არიან სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში.
სამინისტრო 2011 წლის 19 ივნისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ოთხ ნაკადად, წყნეთის BUCKSWOOD-ის სკოლაში ახორციელებს პროექტს: ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში” და ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში”, რომელშიც საქართველოს ზოგადსაგანამათლებლო სკოლების 600 წარმატებული მოსწავლეა ჩართული, მათგან 32 საუკეთესო ორი კვირით ბრიტანეთის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება. ქართველ პედაგოგებთან ერთად, საზაფხულო სკოლაში სამინისტროს პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული ინგლისურენოვანი პედაგოგებიც ასწავლიან.
საზაფხულო სკოლაში სტუმრობისას დიმიტრი შაშკინი იმ პროგრამას გაეცნო, რომელსაც მოსწავლეები საზაფხულო სკოლაში გადიან, მინისტრი საცხოვრებელი პირობებითაც დაინტერესდა, მოსწავლეებს გაესაუბრა და ბოლოს ბავშვებთან ერთად ინგლისური პოპულარული თამაშში - კრიკეტი (Cricket) ითამაშა.
წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების ეს პროგრამა მესამე წელია მოქმედებს და იგი მომავალშიც გაგრძელდება.